Powered By Blogger

Friday, December 14, 2012

აფხაზეთი

                                                            აფხაზეთი

აფხაზეთი (აფხ. Аҧсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღესავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფიგუმაშუა სოფელი,სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. დედაქალაქი – სოხუმი.
                                                                 ისტორია
1810 წელს აფხაზეთის მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო. 1864 წელს რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება.1918 წლის 13 სექტემბრს მიღებული "საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობის შესახებ" კანონის თანახმად, აფხაზებს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის გათვალისწინებული 26 ადგილიდან ჰქონდათ 3 ადგილი.
1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა ავტონომიის სტატუსით. ეს აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის თებერვალს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ეხება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობას.1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის გამო ავტონომიურ მხარეების შესახებ დებულებების შემუშავება ცალკე კანონის სახით შეუძლებელი გახდა.
აფხაზეთი საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა


1921 წლის 4 მარტს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი16 დეკემბერს აფხაზეთის სსრ-მ მიიღო ე.წ. ხელშეკრულებითი რესპუბლიკის სტატუსი და, ფაქტობრივად, შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. 1925 წელს მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია. ამ ე.წ. კონსტიტუციის ამოქმედება საბჭოთა რეჟიმის პირობებშიც კი არ მომხდარა. აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობამ გადაწყვიტა, დაესრულებინა წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტი და შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებთან. კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც განხილულ იქნა აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობის მიერ, არ გამოქვეყნებულა. 1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთის სსრ მოსახლე ყველა ეროვნებისათვის უზრუნველყოფილი იყო მშობლიური ენის თავისუფალი განვითარებისა და გამოყენების უფლება როგორც თავის ეროვნულ-კულტურულ, ისე საერთო-სახელმწიფო დაწესებულებებში, აფხაზეთის სსრ სახელმწიფო დაწესებულებათა ენად კი აღიარებული იყო რუსული ენა.

1931 წელს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთი იქცა ავტონომიად საქართველოს სსრ შემადგენლობაში.

აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი მდგომარეობა ფიქსირებული იქნა სსრ კავშირის 1936 წლის, საქართველოს სსრ 1937 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1937 წლის კონსტიტუციებში, შემდეგ კი სსრ კავშირის 1977 წლის, საქართველოს სსრ 1978 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციებში.

აფხაზური სეპარატიზმი საბჭოთა წლებში იძენს ორგანიზებულ ხასიათს. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთ-ერთი სერიოზული გამწვავება ემთხვევა სსრკ-ის ახალი 1978 წლის კონსტიტუციის მიღების პერიოდს და მისი საბაბი ხდება აფხაზეთის სტატუსის საკითხი; 1985 წლიდან დაწყებული "პერესტროიკის" შემდეგ საქართველოში დაიწყო ღია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რასაც მკვეთრად დაუპირისპირდა ჯერ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა. ამან, თავის მხრივ, აფხაზთა სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია.


სსრკ-ს დაშლის შემდგომ




1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მიიღო დეკლარაცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საქართველო იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამან კიდევ უფრო გააძლიერა რუსული აგრესია. ამ აგრესიის მეტ-ნაკლებად შეკავებისა და გამოსავალის პოვნის მიზნით, ქართული მხარე მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა: 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი. ამ კანონის მიხედვით აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაეთმო უმცირესობას:

  • მოსახლეობის 47 % (ქართველები) პარლამენტში წარმოდგენილ იქნა 26 დეპუტატით;
  • 17 % (აფხაზები) – 28 დეპუტატით;
  • დანარჩენი (სხვადასხვა ეთნიკური მოსახლეობა) – 11 დეპუტატით;

ამავე კანონით განისაზღვრა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აფხაზი, რომელსაც ეყოლებოდა ორი მოადგილე – ერთი ქართველი და ერთი სხვა ეროვნების; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კი დაინიშნებოდა ქართველი. ამ დათმობების მიუხედავად, აფხაზეთის ასსრ ხელმძღვანელობა უამრავ არაკანონიერ ქმედებას ახორციელებდა, იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე იურიდიული ძალის არმქონედ და გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს კანონები. სეპარატისტული "კანონშემოქმედებითი" საქმიანობის უკანასკნელი გამოვლინება იყო 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეწყდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია.


აფხაზეთის ომი (1992-1993)




აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლებიჩრდილოეთ კავკასიიდანკაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონიგუდაუთაში.

კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან“ (ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში — სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.



წინაისტორია




აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლების ბოლოდან დაიძაბა, როდესაც ანტი-საბჭოურად განწყობილმა ოპოზიციამ სსრკ-დან საქართველოს გამოყოფა მოითხოვა. 1989 წლის მარტში, აფხაზმა ნაციონალისტებმა ლიხნის დეკლარაციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. (ეს მოთხოვნა სავარაუდოდ ემყარებოდა იმ მოსაზრებას, რომ აფხაზეთი ანალოგიური სტატუსით სარგებლობდა 1925—1931 წლებში, რომელსაც საქართველოს სსრ-სთან ე. წ. „ერთიანობის ხელშეკრულება“ აკავშირებდა). ზემოთხსენებული დეკლარაცია ხელმოწერილი იქნა სოხუმის უნივერსისტეტის რექტორის მიერ. უნივერსიტეტის ეთნიკურად ქართულმა სტუდენტობამ ამ ფაქტს საპროტესტო დემონსტრაციით უპასუხა. თუმცა ეს დემონსტრაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აიკრძალა. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაგრძელდა და საბოლოოდ აფხაზ ნაციონალისტთა ერთი ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. ამ ფაქტით გამოწვეული აღშფოთება საერთო-სახალხო მღელვარებაში გადაიზარდა როგორც სოხუმში, ასევე თბილისშიც. დაძაბულობამ პიკს 1989 წლის აპრილში მიაღწია და 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა.

პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში. გავრცელებული მოსაზრებით, შეტაკებების გამომწვევი მიზეზი გახდა სოხუმის უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისას მომხდარი ძალადობის ფაქტები. ამ ფაქტებისაგან გამოწვეული სამოქალაქო მღელვარება სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებებში, რომელთა შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 140-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი.

საბჭოთა კავშირის მთავრობა ამ პერიოდში უკვე თავად იმყოფებოდა ყოფნა-არყოფნის საკითხის წინაშე და შესაბამისად, ეთნიკური დაპირისპირების აღმოფხვრისათვის არანაირი ქმედითი ზომა არ მიუღია.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბულობამ საშიშ ზღვარს 1992 წელს მიაღწია, როდესაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა სამთავრობო სტრუქტურების შენობებს შეუტიეს. 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა. ამ განცხადებას საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია, თუმცა უკიდურესად დაძაბა სიტუაცია ცენტრსა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში.

ამრიგად, 1992 წლის 23 ივლისის დადგენილებით ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა. ცენტრსა და რეგიონს შორის დაწყებული იურიდიული ომი 22 დღეში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ომის დასაწყისი

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა. თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭო ავტონომიულ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დ.ზეიკიძის მეთაურობით. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან მოხდა. კონფლიქტი დაიწყო.



სოხუმის დაკავება



ქართულმა მხარემ გეზი სოხუმისკენ აიღო. ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ. ქალაქს აფხაზთა 300 კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა.მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. იმავე დღეს შედგა მოლაპარაკება მხარეებს შორის. მოლაპარაკებაზე არძინბა არ გამოჩენილა. 18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. აფხაზური დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა აფრიალდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაშიგადაბარგდა.



გაგრის დაცემა




1992 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად არ ჰყავდა. ყველა დაჯგუფებას საკუთარი მეთაური ჰყავდა და ყველა რაზმი თავისთვის იბრძოდა. არ არსებობდა ბატალიონებს შორის კორდინაცია. ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა საერთო მეთაურობაც. გაგრის დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა. 1992 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გაგრაში თავმოყრილი იყო დაახლოებით 3000-კაციანი შენაერთი. ქალაქში არ არსებობდა დისციპლინა და ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა. ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი.

გაგრის აღება აფხაზებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას იძენდა, ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. თუ რუსეთთან ბლოკირებულ საზღვარს არ გახსნიდნენ, აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ.

1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ გაგრაზე შეტევა დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია "ავაზას" ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევისკონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. საერთო ჯამში ქალაქს დაახლოებით 600 ჯარისკაცი უტევდა. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა.

მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა. იმ დროს როცა გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ქართველებმა უკან დაიხიეს. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერსგაგრა დაეცა.

5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.

საბრძოლო მოქმედებები 1993 წელს




1993 წლისთვის სეპარატისტები ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსებთან საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. გაგრაში ქართული შენაერთების ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზებმა მთავარი ყურადღება სოხუმის აღებაზე გადაიტანეს.

ფართომაშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად აფხაზებმა მოქმედება გეგმაზომიერად დაიწყეს. პირველ რიგში აფხაზებმა საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგეს. 10 ოქტომბერს აფხაზებმა თავდაცვის სამინისტრო ჩამოაყალიბეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველდღე ემატებოდნენ. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი,ბაგრამიანის ბატალიონი.


აფხაზთა სამხედრო გეგმები




1993 წლის შემოდგომა სოხუმში სროლის გარეშე დაიწყო. 1 სექტემბერს ქალაქის ყველა საშუალო სკოლაში სწავლა განახლდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბრძოლების დროს გაიხიზნა, ხელისუფლების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა.

27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზურმა მხარემ სოხუმზე შეტევის მოსამზადებლად გამოიყენა. ქალაქის შტურმისთვის სეპარატისტები საფუძვლიანად ემზადებოდნენ. შეტევის გეგმა რუსეთის გენშტაბში დამუშავდა. ივლისში შრომა-კამანის აღებით აფხაზებმა ქართული დაცვის ზურგში მნიშვნელოვანი პლაცდარმი მოიპოვეს. აფხაზებს ქალაქის ნებისმიერ მუნიციპალიტეტში დაუბრკოლებლად შეეძლოთ შეღწევა. სექტემბრისთვის სოხუმი ჩრდილოეთიდან და გუმისთის მხრიდან ბლოკირებული იყო. გეგმის ძირითად ამოცანას სოხუმის მთლიანად ალყაში მოქცევა წარმოადგენდა. რუსეთის გენშტაბის ვარაუდით ქალაქი შეტევის დაწყებიდან ოთხ დღეში დაეცემოდა.

დარტყმის ძირითადი აქცენტი ქალაქის ახალ მუნიციპალიტეტზე კეთდებოდა. ოპერაციის მხარდაჭერას შრომა-კამანის მუნიციპალიტეტში ბაზირებული აფხაზური შენაერთები განახორციელებდნენ. იმისთვის, რომ ქართულ მხარეს სოხუმში დამატებითი ძალები არ გადმოესროლა, გათვალისწინებული იყო ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვა. გეგმის განსახორციელებლად, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირებები უნდა გააქტიურებულიყვნენ.

გეგმა ივლისში აპრობირებულ ოპერაციას იმეორებდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მარყუჟი სოხუმთან უფრო ახლოს იკვრებოდა. ტამიშის ნაცვლად, ქალაქთან მისასვლელი გზების ბლოკირება ახალდაბასთან უდა მომხდარიყო. თუ ოპერაცია წარმატებით ჩაივლიდა, სოხუმში შესაღწევად მხოლოდ საჰაერო გზა რჩებოდა. რუსულმა გეგმამ ამაზეც იზრუნა. ბაბუშერას აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აფხაზთა კატარღა უნდა გაჩერებულიყო.

შეტევის დაწყება


16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა.

კონფლიქტის შედეგები




კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.

საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განიცადა უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი. მთლიანად განადგურდა რკინიგზა. განადგურდა 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით კონფლიქტის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განადგურდა 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.



                                                  ღირსშესანიშნაობანი

ილორის წმ. გიორგის ეკლესია

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ილორის წმ. გიორგის ეკლესია, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც აგებულია სოფ. ილორის(ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) შუაგულში, შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების ტექნიკური დონით იგი ექცევა ნაგებობათა იმ წრეში, რომელშიც ჩანს შუა საუკუნეების საქართველოს წამყვანი რეგიონების მხატვრული მისწრაფებანი.

ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება. XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს დაწვეს თურქებმა. აღადგინეს ოდიშის მთავრებმა. ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთეს XIX საუკუნის 40-იან წლებში.


ბედიის მონასტერი





 ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და "შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ".
ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.
სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.
ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის - ანტონ ჟუანისძე-ს მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება.


ბედიის მონასტერი(ტაძარი) – რუსულენოვანი ბროშურიდან «О Бедийском Храме» (სოხუმი, 1912/1913 წწ.)


ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების განმავლობაში შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.



დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სვიმეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-ქართული და დასავლეთ-ქართული უძლიერესი სალოცავების ერთიანობას გაუსვა ხაზი.

მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის მონასტერში დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი-დედოფალიგურანდუხტი.


წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის მონასტერი ახალ ათონზე

ახალი ათონის მონასტერი (სრული სახელი: წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის მონასტერი ახალ ათონზე), მართლმადიდებლური ქრისტიანული მონასტერი დაარსებული 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთისწმინდა პანტელეიმონის ბერების მიერ. მდებარეობს ზღვის დონიდან 75 მეტრზე.[1]

სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1884 წელს და 1896 წელს დასრულდა. კომპლექსის ასაგებად საჭირო გახდა მთის ნაწილის ჩამოჭრა და ათასობით ტონა მიწისა და მთის ქანების გატანა. საქმეს ართულებდა გეოგრაფიული მდებარეობაც. მიუხედავად ამისა, მშენებლობა 12 წელიწადში დასრულდა.
მონასტრის მშენებლობას მფარველობდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III. მისი ნაჩუქარია ცენტრალური დასავლეთის კორპუსის სამრეკლოს მუსიკალური კურანტები.
afxazeti111.